სისხლიანი ქორწილი!ტრაგედია, რომელიც მთელ საქართველოს შეძრავს

სისხლიანი ქორწილი!ტრაგედია, რომელიც მთელ საქართველოს შეძრავს

ახლა მარისა და მიშიკოს მშობლები ბარბარეზე ზრუნავენ

25 აპრილი თენდებოდა. სოფელში ახალგაზრდა წყვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო… მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრებს შორის იყვნენ: ცოლ-ქმარი, მარი ობოლაშვილი და მიშიკო ალადაშვილი, ანზორ მესხიშვილი და კიდევ ბევრი თანასოფლელი…
საქორწილო სუფრა ძველანაგის ახალგახსნილ საბანკეტო დარბაზში გაიშალა… ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მარი და მიშიკო განსაკუთრებულად ხალისიანები იყვნენ. 26 აპრილი იწყებოდა, სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ…

BMW-ს მარკის ავტომობილით, ანზორი მეუღლესთან, კიდევ ერთ თანასოფლელთან, მარისა და მიშიკოსთან ერთად ბოდბისხევში, შინ ბრუნდებოდნენ. რამდენიმე კილომეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, როცა თურმე, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა… ავტომობილი რამდენჯერმე ამოტრიალდა და ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლეც დასრულდა. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ანზორი მთელი თვე ებრძოდა სიკვდილს. არ იცოდა, რომ ახალგაზრდა წყვილი გარდაიცვალა… რამდენჯერმე გამოვიდა კომადან… ბოლოს, ცრემლიანმა დედას უკანასკნელი სიტყვები, ძლივს გასაგონად უთხრა: «მგონი, ვკვდები»… 25 მაისს მისი გულისცემა შეწყდა…
ანზორი 27 წლის იყო, მარი და მიშიკო — 21-ს. იმ საბედისწერო დღემ ექვსი წლის ინა მამის, ხოლო სამი წლის ბარბარე — მშობლების გარეშე დატოვა…
ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებმა გული გადაგვიშალეს…
გოჩა მესხიშვილი, ანზორის მამა:
— დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. როგორც ავარიის შემდეგ გაირკვა, მუხრუჭიც არ იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ამოტრიალდა მანქანა და სარწყავ არხს გადააფრინდა. ეს ამბავი ღამის 3 საათზე, ჩემმა რძალმა, ნატომ ტელეფონით გაგვაგებინა. მას ავარიის შედეგად, მხოლოდ მხარი ჰქონდა მოტეხილი… ჩემი შვილი მანქანიდან მინდორში, 20 მეტრის მოშორებით ეგდო და სიკვდილს ზუსტად ერთი თვე ებრძოდა. კომადან რამდენჯერმე გამოვიდა. ბოლოს, დედას უთხრა, — მგონი, ვკვდებიო… საშინელებაა ჩვენი ყოფა. ანზორი თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობდა. ერთი შვილი დარჩა, ინაკო ახლა ექვსი წლისაა. ანზორმა თავისი ხანმოკლე ცხოვრება შვილის ჯანმრთელობაზე ფიქრში გაატარა. ბავშვი ცერებრალური დამბლით დაიბადა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფეხზე დაეყენებინა, მაგრამ დრო არ ეყო… იმედს გვაძლევენ, რომ ინტენსიური მასაჟების შემდეგ გაივლის, მაგრამ ახლა ამის საშუალება აღარ გვაქვს. ანზორის ოცნება ოცნებად დარჩა…
საშინელებაა შვილმკვდარი მამის ხვედრი. მხარში ამოგვიდგა სოფლის მოსახლეობა, ანზორის თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები. მინდა, თითოეულს მადლობა გადავუხადო. ჩემი შვილი მეგობრებით ცხოვრობდა და ცდილობდა, თავისუფალი დრო მათთან გაეტარებინა. ისიც ყველას უყვარდა… ახლა საზრუნავად შვილიშვილი დამრჩა…
ინაკო ახლა პირველ კლასშია. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, გონებრივად თანატოლებისგან ბევრად განსხვავდება. პატარა გოგონამ იცის, რომ მამა ზეცაში ჰყავს და იქიდან გადმოჰყურებს… როცა ენატრება, კედელზე გაკრულ ფოტოებს უყურებს და ამბობს, რომ მამა ყოველთვის მის გვერდით არის.

მარი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დღისთვის. მიშიკოს ქორწილში წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მეუღლეს უარი ვერ უთხრა და წავიდნენ. მშობლების გაშვება არც 3 წლის ბარბარეს უნდოდა, მაგრამ…
იზო ელაშვილი, მიშიკოს დედა:
— მიშიკოს არ უნდოდა წასვლა. თავს იკავებდა სრულიად უმიზეზოდ. მარის კი ეს უჩვეულოდ უნდოდა. თბილისში იყო და ვერც ვიფიქრებდი, რომ ორი დღის წასული, უკან დაბრუნდებოდა ახლობლის ბედნიერების გასაზიარებლად. თავს ვერ ვპატიობ, ჩემს შვილს რომ ვაძალებდი, იმ დღეს მეგობრების გვერდით ყოფილიყო და მეუღლესთან ერთად ემხიარულა. სასწაული იყო ბარბარეს გადარჩენაც: ჩემმა რძალმა გამოპრანჭა ერთადერთი ქალიშვილი, თვითონაც გამოეწყო და თან, მეკითხებოდა, — როგორ გამოვიყურებიო?.. ბარბარესთან ერთად, თავისი მშობლების სახლშიც შეიარა, ისინიც ნახა. რამდენიმე საათის შემდეგ, შვილიშვილი მოგვიყვანეს და ჩვენთან დატოვეს. ხელში გადმომცეს, უკანასკნელად ჩამაბარეს და წავიდნენ… ორივე გულში ჩავიკარი, გადავკოცნე და გავაცილე, თურმე — უკანასკნელ გზაზე… არც ბავშვს უნდოდა იმ დღეს ქორწილში დედის გაშვება. ახლა ბარბარე ხშირად მეუბნება: მე ხომ ვთხოვე დედას, არ წასულიყო ან თან წავეყვანეო… ამბობს, მშობლებთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ვერაფერი მოგვერეოდაო. მან იცის, რომ დედა და მამა ზეცაში არიან…
თუ სახლში არ იყო, მთელი ცხოვ­რება ველოდებოდი შვილს სკამზე ჩამომჯდარი, მხოლოდ ამ ტრაგიკულ ღამეს ჩამეძინა, ბარბარესთან ერთად. ჩემი მეუღლე კი ურეკავდა პერიოდულად. ბოლო სატელეფონო ზარი აღარ შედგა: ღამის 3 საათზე მე და ჩემი მეუღლე ვურეკავდით შვილსაც და რძალსაც, მაგრამ ორივეს გათიშული ჰქონდა მობილური. მეუღლე ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, — ახალგაზრდები არიან და ალბათ, ერთობიანო… დაწოლას ვაპირებდით, დილის 5 საათზე ეზოდან ხმაური რომ შემომესმა. გამიხარდა, დაბრუნდნენ-მეთქი. სახლში ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები შემოვიდნენ. ერთ-ერთმა მითხრა, მიშიკო და მარი ავარიაში მოყვნენო. მეორე ძმისშვილს თვალებში რომ შევხედე, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა. ვიკითხე, — რომელი აღარ მყავს-მეთქი? არაფერი უთქვამთ. საავადმყოფოში წავედი და იქაც, არც ერთი არ დამხვდა… ძმისშვილმა რომ მითხრა, მეორე საავადმყოფოში წავიდეთო, ბოლო იმედს ვებღაუჭებოდი… ჩემმა ძმამ მანქანა მოაბრუნა და სახლისკენ წამომიყვანა. მივხვდი, აღარც შვილი მყავდა და აღარც — რძალი. ამ ამბავმა გაგვანადგურა.

წყარო:PalitraNews

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *